პროექტის პარტნიორების სასწავლო ვიზიტი ზალცბურგში: ღირებულებითი განათლების გაძლიერება სამხრეთ კავკასიის უმაღლეს სასწავლებლებში

2025 წლის 12-16 მაისს პროექტის PROVE („Promoting Values Education in South Caucasus Higher Education Institutions“) ფარგლებში ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში განხორციელდა საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი, რომელსაც ესწრებოდნენ კონსორციუმის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, სომხეთიდან, საბერძნეთიდან და ავსტრიიდან. სასწავლო ვიზიტს არ ესწრებოდნენ პროექტის მონაწილე აზერბაიჯანის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. ამ ეტაპზე ისინი წყვეტენ პროექტის ფარგლებში თანამშრომლობას.

სასწავლო ვიზიტი მოიცავდა ინტენსიურ ტრენინგს VaKE (Values and Knowledge Education) მეთოდოლოგიის შესახებ. სწავლება მიმდინარეობდა CK21 ტრენინგ ცენტრში და მოიცავდა თეორიულ სესიებს, პრაქტიკულ აქტივობებსა და გამოცდილების გაზიარებას. რასაც თან ახლდა სასწავლო ვიზიტი ზალცბურგის სამშვიდობო ოფისში. გარკვეული დრო ასევე დაეთმო კონსორციუმის შეხვედრას ორგანიზაციული საკითხების განსახილველად.

შეხვედრა დაიწყო იმ სამუშაოების შეფასებით, რომლებიც განხორციელდა პროექტის პირველი მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში. მონაწილეებმა გაანალიზეს მიღებული შედეგები და განსაზღვრეს მონაწილე უნივერსიტეტების საჭიროებები, რის შედეგადაც პროექტი გადავიდა განვითარების ფაზაზე.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ღირებულებითი განათლებისა და კონსტრუქტივისტული მიდგომების ჭრილში გაეცნენ VaKE (Values and Knowledge Education) მეთოდოლოგიის თეორიულ საფუძვლებს, პრაქტიკულ მოდელებსა და დილემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს.

პირველივე დღეს მონაწილეებმა იმსჯელეს ღირებულებითი განათლების, კონსტრუქტივისტული მიდგომებისა და სოციო-კულტურული თეორიების შესახებ, რის შემდეგაც ქვეყნებმა – საქართველომ, საბერძნეთმა და ავსტრიამ, წარმოადგინეს საკუთარი გამოცდილებები VaKE მეთოდის სასწავლო პროცესში დანერგვის შესახებ.

შემდგომი დღეები დაეთმო პრაქტიკულ ტრენინგებს: დილემური ისტორიების წერის ტექნიკებს, სასწავლო სცენარების დამუშავებასა და VaKE მეთოდის ადაპტირებას კონკრეტული ეროვნული კონტექსტებისთვის. მონაწილეებმა საკუთარი ქვეყნის საჭიროებების მიხედვით ჯგუფებში შეიმუშავეს აღნიშნული მეთოდოლოგიის საფუძველზე დაგეგმილი სასწავლო სცენარების პირველადი ვერსიები.

სასწავლო ვიზიტის დასასრულს მონაწილეებმა მოინახულეს Friedensbüro Salzburg (მშვიდობის ბიურო ზალცბურგში) — ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად ავითარებს მშვიდობისა და ღირებულებითი განათლების მიმართულებებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ასევე ეწვივნენ მოცარტის სახლმუზეუმს.

პროექტი PROVE მიზნად ისახავს ღირებულებითი სწავლების ინტეგრირებას სხვადასხვა სასწავლო პროგრამაში და ამ პროცესში პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.