გუნდი 4 – VaKE მეთოდოლოგიის ინტეგრირება მომავალ მასწავლებელთა მომზადებასა და სტაჟირებაში

სწავლა ღირებულებების შესახებ და ღირებულებების მეშვეობით

მე-4 გუნდმა, მაგდა გოგრიჭიანის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) კოორდინაციით, ყურადღება გაამახვილა VaKE-მეთოდოლოგიის პირდაპირ გამოყენებაზე მასწავლებელთა მომზადებისა და სტაჟირების პროგრამებში.

ამ გუნდის მიერ შემუშავებული კურსები აერთიანებს თეორიულ სწავლებას, პრაქტიკულ გამოყენებასა და რეფლექსიურ ანალიზს, რაც უზრუნველყოფს, რომ მომავალმა მასწავლებლებმა VaKE აღიქვან არა მხოლოდ როგორც კონცეფცია, არამედ როგორც სწავლების ცოცხალი მეთოდი. ზოგიერთი კურსი ეძღვნება VaKE მეთოდოლოგიის საფუძვლების შესწავლას, რამდენიმე კურსის ფარგლებში კი VaKE მეთოდოლოგია ინტეგრირებულია პედაგიგიურ და თემატურ საკითხებთან, რაც ამ მეთოდოლოგიის მოქნილობაზე მიუთითებს.

მე-4 გუნდის მიერ შემუშავებული კურსები:

• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU) — ზოგადი კურსი VaKE-ში, შემუშავებულია თამარ მოსიაშვილისა და ეკატერინე შავერდაშვილის მიერ. ეს არის სრული სემესტრული, 6-კრედიტიანი კურსი, რომელიც შეისწავლის VaKE-ის ფილოსოფიურ და მეთოდოლოგიურ საფუძვლებს. აღნიშნული კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ეთიკური დილემების შექმნასა და დანერგვას და მოახდენენ საკლასო გამოცდილების ინტეგრირებას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სტაჟირებისას.

• თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TESAU) — თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიები, შემუშავებულია ნინო მოდებაძის მიერ. ეს 3-კრედიტიანი კურსი იკვლევს თუ როგორ აჩენს ტექნოლოგიური პროგრესი მორალურ კითხვებს განათლებაში. VaKE მეთოდოლოგიის გამოყენებით სტუდენტები აანალიზებენ ციფრულ ეთიკასთან, მონაცემთა კონფიდენციალურობასთან და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ დილემებს.

• კავკასიის უნივერსიტეტი (CU) — ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება დაწყებით საფეხურზე 3, შემუშავებულია მარიამ კუტუბიძის მიერ. ეს 5-კრედიტიანი კურსი VaKE პრინციპებს აერთიანებს საგნობრივ მეთოდოლოგიასთან. კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან თუ როგორ შეუძლია მორალურ და ღირებულებით საკითხებზე მსჯელობას გაამდიდროს ლიტერატურისა და ენის სწავლება დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის.

• სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი (ASPU) — სომხეთის სოციალურ-ეკონომიკური გეოგრაფია შემუშავებულია მარინე მათოსიანის მიერ. ეს არის 4-კრედიტიანი პრაქტიკული კურსი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები განიხილავენ ეთიკურ საკითხებს, როგორიცაა გარემოს მდგრადობა, რესურსების გამოყენება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.

• ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (YSU) — სოციოლინგვისტიკა და კულტურა, შემუშავებულია მარინე იაგუბიანის მიერ. ეს კი არის 6-კრედიტიანი კურსი, რომლის ფარგლებში VaKE გამოყენებულია როგორც უწყვეტი ჩარჩო მთელი სემესტრის განმავლობაში. სტუდენტები გამოიკვლევენ იდენტობის, კომუნიკაციისა და ინკლუზიის საკითხებს, რასაც შემდგომ პრაქტიკულად გამოიყენებენ სტაჟირების საათებში.

ზემოთ მოყვანილი თითოეული კურსი მიყვება შემდეგ მკაფიო თანმიმდევრობას: შესავალი VaKE თეორიაში → დილემის შექმნა → გაკვეთილის დაგეგმვა → იმპლემენტაცია სკოლაში → რეფლექსია. პროფესიულ, საგნობრივ ამოცანებზე ზრუნვასთან ერთად მორალურ და ღირებულებით საკითხებზე მსჯელობის შეთავაზებით მე-4 სამუშაო გუნდის მიერ შექმნილი კურსები უზრუნველყოფს, რომ კურსდამთავრებულებმა შეძლონ როგორც ცოდნის, ასევე ღირებულებების სწავლება.

 აღნიშნული სამუშაო პროცესი თანადაფინანსებულია ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მიერ და ხელს უწყობს ღირებულებითი განათლების დანერგვას სამხრეთ კავკასიის უმაღლეს სასწავლებლებში.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ პროექტის გვერდი: https://prove.tesau.edu.ge