PROVE პროექტის პრეზენტაცია მორალური განათლების ყოველწლიურ კონფერენციაზე (AME) ფინეთში

2025 წლის 7-9 აგვისტოს PROVE პროექტი წარმოდგენილი იყო მორალური განათლების ასოციაციის (AME) ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ფინეთის ქალაქ ტამპერეში. AME-ის კონფერენცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო აკადემიურ ღონისძიებას ღირებულებითი და მორალური განათლების სფეროში, რომელიც აერთიანებს სფეროში გამორჩეულ მომხსენებლებს, მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს სესიებსა და დისკუსიებში მონაწილეობისათვის.

PROVE პროექტი წარადგინეს ჟან-ლუკ პატრიმ და სერობ ხაჩატურიანმა, რომლებმაც წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღირებულებით განათლებაზე ორიენტირებული საჭიროებათა შეფასების კვლევის შედეგები. კონფერენციაზე სომხეთის წარმომადგენლის მონაწილეობა შესაძლებელი გახდა H. Hovnanian Family Foundation Armenia-ს მხარდაჭერით. აღნიშნული პრეზენტაცია ასევე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო VaKE (Values and Knowledge Education) მეთოდოლოგიის ფართო საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარსადგენად.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციას ესწრებოდა მორალური განვითარების საფეხურების თეორიის ავტორის - ლოურენს კოლბერგის ვაჟი, დევიდ კოლბერგი. ლოურენს კოლბერგის თეორია დღემდე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია ამ სფეროში. დევიდ კოლბერგი კი, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს Kohlberg Foundation-ს, დაინტერესდა PROVE პროექტით, რაც ხაზს უსვამს პროექტის აქტუალურობასა და მნიშვნელობას მორალური და ღირებულებითი განათლების სფეროში.

აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციის რეგისტრაციის ზონაში წარმოდგენილი იყო VaKE სახელმძღვანელო, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა გაცნობოდნენ ამ მეთოდოლოგიას.

AME კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ პროექტის კვლევითი შედეგების გასაზიარებლად, არამედ ახალი საერთაშორისო კონტაქტებისა და თანამშრომლობის ქსელის განსავითარებლად, რაც მომავალში პრექტისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის. პროექტის გუნდი გეგმავს პრეზენტაციის საფუძველზე სამეცნიერო სტატიის მომზადებას, მისი გამოქვეყნების მცდელობასა და AME-ის საერთაშორისო ქსელთან თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალ კონფერენციებზეც.

PROVE პროექტი მიზნად ისახავს ღირებულებითი განათლების ინტეგრირებას სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტების სასწავლო კურიკულუმებში, შესაბამისი კურსების შექმნას, პროფესორ-მასწავლებლების გადამზადებასა და უნივერსიტეტების ფარგლებს გარეთ არსებული საზოგადოებების ჩართულობას ამ პროცესში.