11-13 მაისს საქართველოში პროექტ PROVE-ის („ღირებულებითი განათლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“) ფარგლებში სამდღიანი სტუდენტური ტრენინგი ჩატარდა. ღონისძიება განხორციელდა ერასმუს+- ის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (CBHE) ეგიდით. სამუშაო შეხვედრებს კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
ტრენინგი მიზნად ისახავდა სტუდენტური ინიციატივების გაძლიერებასა და თემის საჭიროებებზე დაფუძნებული საქმიანობის დაგეგმვას. ღონისძიებას ესწრებოდნენ სომეხი და ქართველი სტუდენტები პროექტში ჩართული ხუთი უმაღლესი სასწავლებლიდან: კავკასიის (CU), ილიას სახელმწიფო (ISU) და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო (TeSAU) უნივერსიტეტებიდან, ასევე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (YSU) და ხაჩატურ აბოვიანის სახელობის სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტიდან (ASPU).
ტრენინგი ქართველი, სომეხი და ავსტრიელი პარტნიორების ორგანიზებით ჩატარდა. თემატურ ბლოკებს უძღვებოდნენ დარგის ექსპერტები ქეთევან ვასაძე და მაია ზიბზიბაძე კავკასიის უნივერსიტეტიდან, თამარ მოსიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ზიგლინდე ვეირინგერი - ცოდნისა და ღირებულებითი განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AVaKE) წარმომადგენელი.
მოკლედ სათემო საქმიანობების სტუდენტური ტრენინგის შესახებ:
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სათემო საქმიანობები ორ ეტაპს მოიცავს. 11-13 მაისს გამართულ ინტენსიურ ტრენინგებზე სტუდენტებმა თეორიულ მასალაზე დაყრდნობით თავიანთ თემებში არსებული გამოწვევები შეაფასეს და კონკრეტული სამოქმედო გეგმები მოამზადეს. შემდეგ ეტაპზე, PROVE პროექტის წარმომადგენლების მხარდაჭერით, სტუდენტები სათემო საქმიანობებს შერჩეულ თემებში რეალურად განახორციელებენ. პროექტის დასასრულს კი მონაწილეები კვლავ შეიკრიბებიან და განხორციელებული ინიციატივების შედეგებს შეაჯამებენ.
ტრენინგი მიზნად ისახავდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებას. სტუდენტები გაეცნენ ცოდნასა და ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების (VaKE - Values and Knowledge Education) პრინციპებს, საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების (Service-Learning) მეთოდებს და მათი ინტეგრაციის შესაძლებლობებს სათემო პროექტების განხორციელებისას (VaKE and Service Learning for Community projects). მათ აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს დილემების განხილვასა და დისკუსიებში (Dilemma Discussion), რაცVaKE სწავლების განუყოფელი ნაწილია და სტუდენტებს საშუალებას აძლევს სიღრმისეული და მრავალმხრივი წარმოდგენა შეიქმნან სადისკუსიო საგანთან დაკავშირებით.
განსაკუთრებით საინტერესო იყო სტუდენტების მიერ თავიანთ თემში არსებულ პრობლემებზე საქმიანობების დაგეგმვა. მათ გუნდური მუშაობის ფორმატში გამოკვეთეს თავიანთ თემში არსებული გამოწვევები და საჭიროებები, შეადგინეს ამ საჭიროებებზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმები (Community Action Plan), წარადგინეს აუდიტორიის წინაშე და მიიღეს ექსპერტული უკუკავშირი.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე იყო ქართველი და სომეხი ახალგაზრდებისა და მათი პროფესორ-მასწავლებლების ერთობლივი ტური საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ უბნებში. აღსანიშნავია, რომ ამ სამი დღის განმავლობაში ერთად გატარებულმა დრომ ხელი შეუწყო არამხოლოდ ცალკეული სტუდენტური სათემო პროექტების განვითარებას, ასევე, ქართველ და სომეხ კოლეგებსა და სტუდენტებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთოებების წახალისებას და მეგობრობის გამყარებას.
მომდევნო თვეებში სტუდენტები განახორციელებენ დაგეგმილ სათემო პროექტებს, რომლებსაც მოგვიანებით გავაცნობთ ქართულ და სომხურ საზოგადოებას. განხორციელებული სათემო პროექტების შედეგებს სტუდენტები წარადგენენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე.
პროექტი PROVE დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. თუმცა, გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები მხოლოდ ავტორის (ავტორების) პოზიციაა და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) შეხედულებებს. მათზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება არც ევროკავშირს და არც გრანტის გამცემ ორგანოს.



































































